ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის პირველ სამ თვეში რუსულ მხარეს დაღუპულთა რიცხვი იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინაში რუსეთის დიდი დანაკარგების მიზეზებად ასახელებს ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე ცუდ ტაქტიკურ მომზადებას, მეთაურების მიერ შეცდომების გამეორებას და გაღრმავებას და ჰაერიდან არასაკმარის მხარდაჭერას.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, უკრაინაში დანაკარგების შემდგომი ზრდა რუსეთის საზოგადოებისთვის სულ უფრო ცხადი გახდება, რამაც შესაძლოა, გაზარდოს ომით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატვა.
- ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ
- UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსული არმიის დანაკარგი 29 000-ს აჭარბებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო. კიევი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს. რუსეთი მარტის ბოლოს აცხადებდა, რომ მოკლული იყო 14 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.