ილია დარჩიაშვილი: საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად

საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ჩვენი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად, - აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საქართველო, ერთი მხრივ, ჰუმანიტარული კუთხით ეხმარება უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ, პარტნიორებთან ერთად, ყველა დონეზე და ყველა საერთაშორისო ფორმატში ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციას და მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინის მხარდაჭერის პროცესი, რომელიც ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:
 
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს ყველა პლატფორმაზე ვეხმარებით