ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა.
შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე?
Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი?
ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა.
EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს?
თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება.
EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება.
გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება.
- თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში
- საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა
EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა?
ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება.
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა
- საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა
EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე?
საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება.
ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი