ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ

აშშ შავი ზღვის ბლოკადის დასრულების სანაცვლოდ რუსეთის სანქციების მოხსნას გამორიცხავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. 

„ასე რომ, ჩვენ ნამდვილად არ გავაუქმებთ ჩვენს სანქციებს ცარიელი დაპირებების საპასუხოდ. მსგავსი ცარიელი დაპირებები რუსეთის ფედერაციისგან ადრეც გვსმენია. ვფიქრობ, ყველას კარგი მიზეზი გავქვს, რომ სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილები, როდესაც რუსეთისგან სხვადასხვა დაპირება და შეთავაზებები გვესმის“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ  განაცხადა, რომ პირველ რიგში რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვაა აუცილებელი და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით.

  • უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.