აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა აშშ-ში უკრაინის ელჩთან, ოკსანა მარკაროვასთან.
საელჩოს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება. დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
უკრაინის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ელჩს. ასევე, მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევებს გაუმკლავდებიან და ერთად მშვიდობიან მომავალს შექმნიან.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.