უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლების მიერ დონბასის ქალაქები ცეცხლშია გახვეული, რამაც შესაძლოა, ამ რეგიონის გაუკაცრიელება გამოიწვიოს.
- უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია
- ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს
„ოკუპანტებს სურთ, ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად, პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი პირდაპირ ფერფლად აქციონ. რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლო ქალაქებში დონეცკში, ლუგანსკში მათ ჯარში მიჰყავთ ყველა, ვისაც საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილის დაკავება შეუძლია. ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა არის რუსეთის მიერ განხორციელებული აშკარა გენოციდის პოლიტიკა“ , - განაცხადა ზელენსკიმ.
- კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ
- სერგეი რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.