Europetime-თან საუბრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა

ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, პირველ რიგში, ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში 2008 წელს. ჩვენ გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა. 

ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები გასაოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმია. რუსებისგან განსხვავებით უკრაინენელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ. 

კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილოდ იქცეოდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთის ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა.

კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ ტაივანს არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორც რუსეთს - უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, რუსეთი გაძევებული უნდა იყოს უკრიანის ტერიტორიიდან.

ბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, პოლიტიკური ოპოზიცია, მთავრობა, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. მას აქვს ტრანსატლანტიკური საზოგადოების მხარდაჭერა, ახლა კი, რაც საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს ახლა აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. საქართველოს მთავრობას რა თქმა უნდა ესმის, რომ ისტორიის არასწორ მხარეს არ უნდა იდგე, უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა.


უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.