უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ახლოვდება დრო, როცა კიევი ოკუპანტს აჯობებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ მიზნის მიღწევაში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს არის უპირველეს ყოვლისა იარაღის მიწოდება. ჩვენ ყოველდღე ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარი ტექნოლოგიურად და საცეცხლე საშუალებით აჯობებს ოკუპანტებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორებზე. მათ მზადყოფნაზე, უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად. ველოდები კარგ ამბებს უკვე მომავალ კვირას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.