რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ გამოცდა ბარენცის ზღვის აკვატორიაში, ფრეგატ „ადმირალ გორშკოვიდან“ განხორციელდა.
უწყების განცხადებით, სარაკეტო სროლა ახალი ტიპის იარაღის გამოცდის ფარგლებში შედგა.
„ობიექტური კონტროლის მონაცემებით, „ცირკონის“ ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტა წარმატებით მოხვდა თეთრ ზღვაში სამიზნეს, რომელიც მდებარეობდა დაახლოებით 1000 კმ მანძილზე. ჰიპერბგერითი რაკეტის ფრენა შეესაბამებოდა მითითებულ პარამეტრებს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „ცირკონს“ უკვე რამდენიმე წელია, ცდიან. რუსული წყაროების ინფორმაციით, რაკეტას ბგერაზე 10-ჯერ დიდი სისწრაფის განვითარება შეუძლია და მისი რადიუსი 1000 კილომეტრს აღემატება.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.