თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთი დიალოგისა და დილომატიის არხებს მხარს უჭერს და ამ მიზნით, მხარეებთა მოლაპარაკებებს განაგრძობს.
„ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება, მაგრამ ახლა როგორც ჩანს, ვითარება დღითიდღე უარესდება. ორშაბათს, სატელეფონო ზარები მექნება როგორც რუსეთთან, ასევე, უკრაინასთან", - განაცხადა ერდოღანმა.
რამდენიმე დღის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის საჯარო განცხადებების მიუხედავად, მოლაპარაკებებისთვის რუსეთის მზადყოფნაზე არაფერი მიუთითებს და ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.