რუსეთმა წააგო ბრძოლა არამხოლოდ ხარკოვისთვის, კიევისთვის და ჩრდილოეთ უკრაინისთვის, არამედ მან უკვე დაკარგა მომავალი და მთელი კულტურული კავშირი მსოფლიოსთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რაიონში, ფრონტისპირა ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
„დამპყრობლებს დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმები განიხილა. „ჩვენ უნდა ვიპოვოთ სახსრები, საკრედიტო ხაზები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს გარანტიები. ქალაქებისა და რეგიონების ლიდერებმა კი, დიდი პროექტებისთვის ფინანსური რესურსები მოიძიონ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.