უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ის „ქალაქის დასაცავად არ მუშაობდა“.
„ჯარი, პოლიცია, ხარკოვის მერი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია – ყველა ნამდვილად მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტიანად აკეთებს. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება, რომ ითქვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე. სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რაიონში, ფრონტისპირა ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა.
პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაზიანებულია სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.