ზელენსკი: მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის მადა

„ის ფაქტი, რომ უკრაინა დღემდე რჩებოდა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ითამაშა როლი რუსეთის რევანშისტულ განწყობებში და ევროკავშირის გაფართოების გარეშე ეს სიტუაცია შეიძლება, განმეორდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერის სამიტისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. "ევროპის სახლი არასოდეს იქნება სრულყოფილი უკრაინის გარეშე. არასოდეს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე. ის ფაქტი, რომ უკრაინა დარჩა ევროპის ფრაგმენტად სადღაც იქ, თქვენი სახელმწიფოების საზღვრებს მიღმა, ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიულ მადას. მხოლოდ ევროპული ერთიანობის გაფართოებითა და გაძლიერებით არის შესაძლებელი იმის თავიდან აცილება, რაც ევროპამ 24 თებერვალს, 2014 წელს და 1968 წელსაც კი, 1956 წელს განიცადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თანხმობისთვის. "ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ევროპას ექნება კოორდინირებული რეაქცია და გამოვრიცხავთ უკრაინისთვის ზედმეტი ალტერნატივის, "რაღაცის" პოვნის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შევასრულეთ ყველა საჭირო კრიტერიუმი", - განაცხადა ზელენსკიმ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ეჭვი, გადაიფიქრებენ და მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას.

„ახლა შეგიძლიათ დაადასტუროთ, რამდენად მართალია ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ამბობს თავის შესახებ: მრავალფეროვნებაზე, ერთიანობაზე, საერთო ღირებულებებზე და ევროპის ყველა დემოკრატიისადმი ერთნაირი მიდგომის შესახებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გადალახონ უთანხმოება და დაამტკიცონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი - ნავთობის ემბარგო. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შიგნით განხეთქილების გაღრმავება სწორედ ისაა, რაც კრემლს სურს.


28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.


ევროპის საბჭოს 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.