უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა განიხილეს. ერდოღანმა პუტინთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი ზელენსკისთან გამართა.
- ერდოღანი პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრას სთავაზობს
- ერდოღანი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს
„თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგი გრძელდება. აგრესორის მხრიდან სასურსათო უსაფრთხოებისადმი საფრთხეები და უკრაინის პორტების განბლოკვის გზები განვიხილეთ. გაიმართა დისკუსია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ერთხმად შევთანხმდით მშვიდობის აღდგენის აუცილებლობაზე. ჩვენ ვაფასებთ თურქეთის დახმარებას ამ პროცესში“, - აღნიშნავს ზელენსკი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.