კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არ გაუგზავნოს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია რუსეთს მისწვდეს", აშშ-ის ყოფილმა ელჩმა NATO-ში, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ მხარს უჭერს კიევს, მაგრამ ლიმიტის ხაზგასმას ცდილობს. კითხვას, თუ რატომ შეიძლება, ასე იყოს, შეერთებული შტატების ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, უპასუხა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ზოგიერთი ადამიანი შიშობს, რომ რუსეთის საწინააღმდეგო რაიმე ქმედებამ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის პროვოცირება არ მოახდინოს.

„ვფიქრობ, არასწორად აღვიქვამთ რუსეთს. რუსეთი ახლა მთელი ძალით ცდილობს უკრაინის ხელში ჩაგდებას და ბოლოს, რისი გაკეთებაც სურთ, სხვა ფრონტის გახსნაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა „ყველაფერი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინელებს რუსების დამარცხებასა და ქვეყნიდან მათ გაყვანაში“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.


შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.