რომის პაპი: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს

"გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს", - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პორტებში არსებულ ვითარებაზე მილიონობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

„მილიონობით ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებულია ხორბლის ექსპორტზე, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბ ქვეყნებში. გულწრფელად მოგმართავთ, ყველა ძალისხმევა გამოიყენოთ ამ საკითხის გადასაჭრელად, ადამიანის საყოველთაო უფლებების უზრუნველსაყოფად. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ხორბალს, მთავარ საკვებს, როგორც ომის იარაღს“, - განაცხადა რომის პაპმა.


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ მდაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ:

უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს