"გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნაწილი დაიბრუნეს", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, რუსული ძალები აღმოსავლეთ რაიონების ოკუპაციას განაგრძობენ.
„რუსეთის უფრო ვრცელი გეგმა, როგორც ჩანს, არის სევეროდონეცკის ტერიტორიის იზოლირება როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან.მაისში რუსეთმა პოპასნაიას სამხრეთით უპირატესობას მიაღწია, თუმცა მისი პროგრესი ამ მხარეში გასულ კვირას შეჩერდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი