აგრესორის მიმართ ნებისმიერი დათმობა იქნება გზა ახალი ომისკენ - გაეროში უკრაინის ელჩი

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერგი კისლიცამ გააკრიტიკა პოლიტიკოსების პოზიცია, რომლებიც უკრაინას ომის შეჩერების მიზნით რუსეთთან დათმობებზე წასვლას ურჩევენ. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კისლიცამ განაცხადა, რომ თუ ახლახან ოკუპირებული ტერიტორიები არ გათავისუფლდება, რუსეთი მათ განახლებული თავდასხმების ახალ დასაყრდენად გადააქცევს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმეორებთ, რომ ნებისმიერი „დათმობა“, რომელსაც ზოგიერთი „კეთილმოსურნე“ ახლა გვირჩევს, იქნება მხოლოდ გზა ახალი ომისკენ. ძალადობის იგივე მასშტაბით და უფრო ახლოს ჩვენს საზღვრებთან“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, პუტინის რუსეთი უნდა დამარცხდეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ახლა ყველაზე მაღალ ფასს იხდის.

„ხალხისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დამოკიდებულია მარცვლეულის მარაგებზე ჩვენი რეგიონიდან. და, რუსეთის ხალხისთვისაც, რომელიც უნდა დაბრუნდეს დემოკრატიული ერების ოჯახს მისი „დეპუტინიზაციის“ შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.