ვოლოდიმირ ზელენსკი: უცხოური კომპანიები რუსეთის ბაზრიდან უნდა გავიდნენ, თუ შესაძლებელია სამუდამოდ

"უცხოური კომპანიები რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან უნდა გავიდნენ. თუ შესაძლებელია, სამუდამოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რათა მათი გადასახადები არ იყოს გამოყენებული იმ იარაღის დასაფინანსებლად, რომლითაც რუსები გვკლავენ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უცხოური კომპანიები რუსეთის ფედერაციის ბაზრიდან უნდა გავიდნენ. თუ შესაძლებელია, სამუდამოდ უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, რომ რუსეთის ბაზარი დატოვონ, არამედ ის, რომ მათი გადასახადები არ იყოს გამოყენებული იმ იარაღის დასაფინანსებლად, რომლითაც რუსები გვკლავენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.