უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ COVID-22 უწოდა და აღნიშნა, რომ იარაღი და სანქციები მის წინააღმდეგ ვაქცინაა. შესაბამისი განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ TIME100 Gala-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„სიძულვილი ვირუსია და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე COVID19“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული აგრესიის ვირუსი პროპაგანდის გზით ვრცელდება. მკვლელების დაუსჯელობის წყალობით; რუსული ნავთობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ გლობალურ ბაზარზეა; ფულის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ მიედინება გლობალურ ფინანსურ სისტემასა და რუსულ ბანკებს შორის.
„როცა სიძულვილი კარზე დააკაკუნებს, მზად იქნებით? რაიმე სახის ნიღაბი დაგიცავს რუსული COVID22-სგან? და რატომ არის მის წინააღმდეგ ვაქცინა - იარაღი და სანქციები - ასე რთული მოსაპოვებელი საკმარისი რაოდენობით? რატომ იქცევა ზოგიერთი ქვეყანა ისე, თითქოს, COVID22 არ არსებობს, ისევე როგორც შეთქმულების თეორიები ვრცელდებოდა, თითქოს, არ არსებობდა COVID19? სისხლისა და სიკვდილისგანაც კი რატომ ვერ სწავლობენ ადამიანები ვერაფერს?”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.