უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები.
გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ამასთან, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს
- რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს