საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას უფრო მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია ელისეის სასახლის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარეს რჩება. მან პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის საჭიროებების, მათ შორის მძიმე იარაღის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მობილიზებულია.
საფრანგეთმა ათი ათეული „კეისრის“ ჰაუბიცები უკრაინას უკვე მიაწოდა და საფრანგეთში უკრაინელ ჯარისკაცებს ამ იარაღის მართვა შეასწავლა. 155 მილიმეტრიანი კალიბრის „კეისრის“ ჰაუბიცებს შეუძლიათ, გაანადგურონ სამიზნეები 40 კილომეტრამდე მანძილზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კატრინ კოლონამ მაისის ბოლოს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნაზე მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ „კონკრეტული პასუხი“ იქნება.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.