უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. შესაბამისი განცხადება დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ გააკეთა.
„ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის აგრესორის მეცხრე სკაუტი, რომელიც განადგურდა რეგიონის ცაზე“, - წერს რეზნიჩენკო.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა 572 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.