საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და იტალიის პრემიერის მარიო დრაგის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია. La Stampa წერს, რომ სამი ქვეყნის ლიდერი კიევში 16 ივნისს ჩავა.
- გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია
- გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია
ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და NATO-ს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უდიდესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან მიმართებით. ცნობილია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს განაგრძობენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ.
მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს.
9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.