გერმანიის მთავრობის სპიკერმა უარი განაცხადა მედიის ცნობის დადასტურებაზე იმის შესახებ, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გაემგზავრება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ ვერ დაგიდასტურებთ“, - განაცხადა სპიკერმა.
უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისგან ელის, რომ ბერლინი უკრაინითვის იარაღის მიწოდების შესახებ თავის დაპირებებს შეასრულებს და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას მისცემს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის და იტალიის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნის სიგნალს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ძლიერი სიმბოლური ჟესტი“, - თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ეს გააძლიერებს უკრაინელების მებრძოლ სულს და ნათლად აჩვენე რუსეთს, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს თავისუფალ უკრაინას.
მან ასევე აღნიშნა, რომ შოლცი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა კიევში ჩასვლა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად კი არა, კონკრეტული შედეგებისთვის სურდა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.