უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად მზად არის. სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ მან დანიაში მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ პუტინი წყვეტს, შეჩერდება თუ არა რუსეთის არმია.
„რუსეთს თუ ამ ომის დასრულება სურს, რადგან მედიით ისინი სწორედ ამას ამბობენ, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ. უკრაინის შესახებ მოლაპარაკების მაგიდა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს პირდაპირი. შეგვიძლია ვისაუბროთ შუამავლებით, ან შუამავლების გარეშე – ჩემთვის სულერთია. თუ რუსეთის ფედერაცია მზადაა ომის დასასრულებლად, გამოდის, ჩვენი ტერიტორიების დასატოვებლად, ნებისმიერ მომენტში ასეთი ფორმატისთვის მე პირადად მზად ვარ", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა ომი დასრულდეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.