დიდი ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ M109 მოდელის თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის

დიდმა ბრიტანეთმა ბელგიური იარაღის კომპანიისგან შეიძინა და 20-ზე მეტი შორმსროლელი M109 მოდელის თვითმავალი ჰაუბიცა შეაკეთა, რომელსაც უკრაინას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მალე შეძლებენ „მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ქვეყნის აღმოსავლეთში“.

როგორც ცნობილია, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. 15 ივნისს, ბრიუსელში შეერთებული შტატების ეგიდით გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინი 3) მესამე შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდა 50-მდე ქვეყანა, მათ შორის NATO-ს წევრები და პარტნიორები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.