რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის იმ მცხოვრებლებზე, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, სირცხვილს გრძნობენ, თავისი აზრი გამოთქვა.
„რცხვენიათ მათ, ვინც საკუთარ ბედს და სიცოცხლეს, შვილების სიცოცხლესა და ბედს ჩვენს ქვეყანას არ უკავშირებს. მათ უბრალოდ არ უნდათ პრობლემები შეექმნათ იმ რეგიონებში, სადაც სურთ ცხოვრება და შვილების აღზრდა. მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავის ბედს და შვილების ბედს რუსეთს უკავშირებს, სულით და გულით დაინტერესებულია რუსეთის ძლიერების ზრდით. სხვაგვარი ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილები აქ გაიზარდონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს "ტრაგედია" უწოდა, მაგრამ კვლავ გაიმეორა, რომ „რუსეთი ამ ზღვართან იძულებით მიიყვანეს“.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა