ბორის ჯონსონი: გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ

"ევროპაში ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო უკრაინაზე შეიძლება, ზეწოლა განხორციელდეს. ზეწოლა შესაძლოა მოიცავდეს, ისეთი სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რაც კიევის ინტერესებს არ პასუხობს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ძალიან ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს არის ევროპული ომი, რომელიც არაა აუცილებელი. ამიტომ გაიზრდება ზეწოლა, რათა უკრაინელებს ცუდი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება აიძულონ“, - განაცხადა ჯონსონმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.