იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

"უკრაინაში რუსული შეჭრის გამო დაწყებული ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება", -  ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უკრაინას ჰქონდეს რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია და დავეხმაროთ მუდმივად სუვერენულ და დამოუკიდებელ ევროპულ ერს. ამისი საუკეთესო გზა ძლიერი სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ეკონომიკური მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.