Reuters-ის ინფორმაციით, სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა და რუსული ჯარის ნაწილები მოინახულა, Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

 „რუსული ქვედანაყოფების სამეთაურო პუნქტებზე, არმიის გენერალმა, სერგეი შოიგუმ მეთაურებისგან მოისმინა მოხსენებები მთავარ ოპერატიულ რაიონებში მიმდინარე ვითარებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ვიზიტის ზუსტი დრო უცნობია.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.