თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინიდან „მარცვლეულის დერეფანი“ სამიდან ოთხ კვირაში ამოქმედდება, უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა და საგარეო საქმეთა საკითხებში მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ უკრაინა სამართლიანად ცდილობს, არ მოხსნას ნაღმების ბარიერები, რომლებიც დამონტაჟდა ოდესის პორტის დასაცავად, იმის შიშით, რომ რუსეთი მას თავს დაესხმება.

მისივე განცხადებით, „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნას სამიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება, მაგრამ ამ პროცესის დაწყების მთავარი ფაქტორი არის შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მიღწეული უკრაინასა და რუსეთს შორის. ამ მიზნით, სტამბოლი მზადაა, თურქეთ-უკრაინა-რუსეთი-გაეროს ფორმატში შეხვედრას უმასპინძლოს.

„მათ შესთავაზეს უსაფრთხო დერეფანი. ამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ შეხვედრა სტამბოლში რაც შეიძლება მალე გავმართოთ“, - აღნიშნა ერდოღანის პრესსპიკერმა.

უკრაინული მედია წერს, რომ რუმინეთი იღებს ზომებს, რათა გაზარდოს უკრაინული მარცვლეულის მიწოდება თავისი ტერიტორიით და შეამციროს გლობალური შიმშილის საფრთხე.

გარდა ამისა, 20 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით.

ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლების ნება ორივე მხრიდან იგრძნობა.

ჩავუშოღლუმ ლავროვს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა. თურქული სააგენტო Anadolu-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს გაეროს მიზანს, შექმნას გონივრული და განხორციელებადი გეგმა მარცვლეულის ექსპორტის განსაახლებლად. 

„ჩვენ ვსაუბრობთ გეგმაზე (ე.წ. საკვების დერეფნის შესახებ), რომელიც მოიცავს მექანიზმს და თანამშრომლობას, რომელიც შეიძლება, შედგეს გაეროს, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის და რომელიც შეიძლება, მოიცავდეს გემების ზედამხედველობას“, - განმარტა ჩავუშოღლუმ.

„თუ ამ გეგმას მიიღებენ რუსეთი და უკრაინა, თურქეთს შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას სტამბოლში და დეტალები განიხილოს ყველა მხარესთან“, - დაამატა უმაღლესმა დიპლომატმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მოთხოვნას სანქციების მოხსნის შესახებ, მარცვლეულის ექსპორტის დასახმარებლად, „ლეგიტიმური“ უწოდა, თუკი უკრაინული მარცვლეულისთვის საერთაშორისო ბაზარი გაიხსნება.

ჩავუშოღლუს თქმით, აუცილებელი ზომები უნდა იყოს მიღებული გემების უსაფრთხო გავლის უზრუნველსაყოფად, ასევე, უნდა გადაიდგას ნაბიჯები საბანკო ოპერაციების დაზღვევის უზრუნველსაყოფად.

თურქმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო რეალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას და ამ საკითხთან დაკავშირებით ლათინური ამერიკის ქვეყნების შეშფოთებაზეც მიუთითა. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის მიზნით თურქეთის ძალისხმევას აფასებს.

მისივე განცხადებით, რუსი და თურქი სამხედროები განიხილავენ უკრაინის პორტებში ნაღმების გაწმენდის საკითხს მარცვლეულის ექსპორტისთვის გზის გასათავისუფლებლად. ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა, სტამბოლში გაეროსთან და უკრაინასთან შეხვედრისთვის, თუმცა ასეთი შეხვედრა „სხვა არაფერი იქნება, თუ არა სიმბოლური“.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.