საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე და პირობა დადო, რომ დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება. მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვმა რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია.
გერმანიაში, „დიდი შვიდეული“ სამიტის ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შვიდი წამყვანი ინდუსტრიული დემოკრატია მხარს დაუჭერს უკრაინას და შეინარჩუნებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „სანამ საჭირო იქნება, საჭირო ინტენსივობით“.
„რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა გაიმარჯვოს”, - განაცხადა მაკრონმა.
სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას მაკრონმა „ახალი ომის დანაშაული“ უწოდა.
27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. არიან დაღუპულები.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.