"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში „გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განცხადა.
„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის გიჟურ, მაჩო ომს. თუ გინდათ ტოქსიკური მასკულინიზმის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში,“- აღნიშნა ჯონსონმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე წაიკითხეთ:
მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია