უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 1572 ტანკი, 3720 ჯავშანმანქანა, 781 საარტილერო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 103 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 640 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 142 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2598 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე წაიკითხეთ:
დიმიტრი პესკოვი: უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება