ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს

ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ანკარა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დაეთანხმა.

თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის.

„აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა ბრიფინგზე.

აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ.

ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს.

„ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. 

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი.

ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.