უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია.
„ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“.
„ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა.
რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ.
18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.
გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.