გერმანიამ ბუნებრივი აირის მიწოდების სამეტაპიანი საგანგებო გეგმის მეორე ეტაპი გაააქტიურა, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. ჰაბეკმა გერმანელებს მოუწოდა, შეამცირონ გაზის მოხმარება, როგორც ეროვნული ძალისხმევის ნაწილი.
„ახლა ჩვენ მოვუწოდებთ, შემცირდეს გაზის მოხმარება, განსაკუთრებით, „მომავალი ზამთრის თვეების წინ“. ჰაბეკის თქმით, მესამე და უმაღლესი ეტაპი არის „გადაუდებელი“ დონე.
გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.
„რუსეთთან ეკონომიკურ კონფრონტაციაში ვართ“, - განაცხადა ჰაბეკმა.
ამ მოვლენებს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს.
18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.