NATO-ს ელჩებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს NATO-ს შტაბ-ბინაში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს თანდასწრებით მოაწერეს ხელი.
„ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ფინეთისთვის, შვედეთისთვის, NATO-ს სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
გასულ კვირას, მადრიდის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით მიიწვიონ. მანამდე, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი ხელმოწერა რატიფიკაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.
„მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ჩვენი ხალხი კი, კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს