ნიკა ჩიტაძე: რუსეთის მიერ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ, შესაძლოა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაზარდოს

რუსეთმა ყაზახური ნავთობის ექსპორტი, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებების შემდეგ შეაჩერა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა. ყაზახეთის ნავთობის 80% ქვეყნის გარეთ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით გადის. კონსორციუმმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ერთთვიანი პაუზის შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს $850 მილიონი დააკლდება.

რატომ შეაჩერა რუსეთმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შუა აზიაში, საქართველოსა და ევროპის ბაზარზე, ამ და სხვა საკითხებზე Europetime პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

ET: რუსეთმა, გასულ კვირას, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, ყაზახური ნავთობის ექსპორტი შეაჩერა. Მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას ნავთობითა და გაზით მოამარაგებს. ეს განცხადება გახდა მიზეზი თუ რუსეთის ქმედების არსი უფრო ღრმაა?

  • რამდენიმე მიზეზია, რის გამოც, რუსეთი კრძალავს ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით ნავთობის ექსპორტს, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მეშვეობით. პირველია, ის ფაქტი, რომ თოყაევმა განაცხადა, რომ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამით, ყაზახეთის პრეზიდენტმა  თქვა, რომ არის დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მმართველი. რამაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება, რადგან რუსეთი დაეხმარა თოყაევს ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების დროს და გარკვეულწილად მისი გაპრეზიდენტება განაპირობა. პუტინი თვლის, რომ თოყაევი მათ წინაშე ვალშია და რუსეთის ვასალია, ამ დროს კი ყაზახეთის პრეზიდენტი დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
  • მეორე საკითხია, რომ რუსეთი ყაზახეთის ტერიტორიას განიხილავს, როგორც თავის შემადგენელ ნაწილს. ყაზახეთი ლოიალური იყო რუსეთთან მიმართებით, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ალბათ გახსოვთ პუტინის ცნობილი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის კუთვნილი მიწები რამდენიმე ქვეყანაში მოხვდა. აქ იგულისხმებოდა ყაზახეთიც. აქედან გამომდინარე რუსეთს შესაძლოა, ჰქონდეს შორს მიმავალი მიზნები, რომ დასაჯოს ყაზახეთი და მისი ჩრდილოთი რეგიონები დაიკავოს. რუსეთი დღეს მარცხდება უკრაინაში და სჭირდება გამოაცხადოს, რომ სრული კონტროლო დაამყარა დონეცკზე, ლუგანსკზე, შემოიერთოს ცხინვალის რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, ამ სცენარში ჩართოს ჩრდილოეთ ყაზახეთი, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა გამორიცხული.
  • მესამე საკითხია, ის რომ რუსეთი გაღიზიანებულია, თუნდაც იგივე ყაზახეთის გარკვეული მისწრაფებებით, რომ ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით განახორციელოს.

ET: ექსპერტების შეფასებით, ნავთობის ექსპორტის შეჩერების შედეგად, ყაზახეთის ბიუჯეტს, მხოლოდ ერთ თვეში $850 მილიონი დააკლდება. აქედან ჩანს, რომ შესაძლოა, ყაზახეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიადგეს.

აქ არის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორები. რუსეთს სურს ყაზახეთის ეკონომიკა დააზიანოს, რადგან „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ ნავთობსადენი დიდი სიმძლავრით გამოირჩევა, რომლის მოცულობაც 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.

ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სარგებელს მიიღებს საქართველო?

საქართველომ შესაძლოა მიიღოს სარგებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნავთობისა და გაზის დამატებითი მოცულობები გაივლის. ასევე ყაზახეთიდან გაივლის სხვა ტვირთებიც. ამავდროულად ყაზახეთიც და საქართველოც არიან ევროპული პროექტის „ტრასეკასა“ და ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი -ერთი გზა“ მონაწილეები. ვიცით, რომ ჩინეთიდან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით განხორციელდა ტვირთების გადაზიდვა. შესაძლებელია, ჩინეთიდან გაიზარდოს ტვირთნაკადი საქართველოს ტერიტორიის გავლით. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიის გავლით, 9-ჯერ გაიზარდოს ტვირთბრუნვა. მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ნავთობსა და გაზზე, არამედ სხვა ტიპის ტვირთებზეც, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურამ უნდა გაატაროს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობამ შესაძლოა, წელიწადში 5 მილიონ ტონას მიარწიოს, მეორე ეტაპზე კი 17 მილიონ ტონასაც გაუტოლდეს. საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე დადებითად აისახება ყაზახეთის პოლიტიკა. ბუნებრივია, ეს ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებს.

ET: რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის გადაწყვეტილება? 

ბუნებრივია, აქ არის საფრთხეებიც, რადგან შესაძლებელია, რუსეთმა იმუშაოს იმაზე, რომ ყაზახეთის რუსულენოვანი მოსახლეობა ააჯანყოს. ჩრდილოეთ ყაზახეთის ბევრ პროვინციაში ჭარბობს რუსულენოვანი მოსახლეობა. მაგრამ, რამდენად ექნება რუსეთს ამის რესურსი, როდესაც უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომშია ჩართული, ეს სხვა საკითხია.

ET: ნავთობის ექსპორტის აღდგენის სანაცვლოდ, რა შეიძლება გახდეს რუსეთსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობის საგანი?

შესაძლებელია, იყოს ზეწოლა ყაზახეთზე, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოაწყობენ არეულობას. ან თოყაევს უთხრან, რომ ვალშია კრემლთან და რუსეთი ნავთობსადენს, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ გახსნის. ალბათ ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება, რომ ყაზახეთმა ლოიალური პოლიტიკა გაატაროს რუსეთთან მიმართებით. თუმცა ცენტრალურ აზიაში ჩართული არიან სხვა ძალებიც. იგივე ჩინეთი, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებით, რადგან მისი ინტერესია, ყაზახეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი ევროპის მიმართულებით. ჩინეთის ინტერესის სფეროა ასევე, თურქმენული გაზი და ყაზახური ნავთობი. ამასთან, ყაზახეთი დასავლეთის ინტერესშიც ხვდება, რადგან ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, განხორციელდა აშშ-სა და ყაზახეთის მთავრობას შორის. საუბარია „თენგიზის“ საბადოს ნავთობის ათვისებაზე, კომპანია „შევრონის“ მიერ.