ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინელები კიდევ $360 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, $360 მილიონის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

„დღემდე, 11 მილიონზე მეტი ადამიანი – უკრაინის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი – იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები რუსეთის გაუმართლებელი ომის გამო, ხოლო 15,7 მილიონ ადამიანს დახმარება სჭირდება. თებერვალში პრეზიდენტ პუტინის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ამ კრიზისის მოსაგვარებლად 1,28 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიღო და ჩვენ სხვა ქვეყნებს შორის უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების უდიდესი დონორი ვართ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე.

ეს დამატებითი დაფინანსება, $360 მილიონი, ბლინკენის თქმით, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების საკვებით, უსაფრთხო სასმელი წყლით, ფულადი დახმარებით, ხელმისაწვდომი თავშესაფრით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას მოხმარდება.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.