ირინა ვერეშუკი: ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა

"ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ" - უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ.

„ცხადია, იქნება ბრძოლები, იქნება საარტილერიო დაბომბვა და ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს სასწრაფოდ ევაკუაციისკენ. ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების დროს საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას. გაემგზავრეთ ნებისმიერი მიმართულებით, თუნდაც ოკუპირებული ყირიმის გავლით“, – თქვა ირინა ვერეშუკმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.


ასევე წაიკითხეთ:

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო იერიში მიიტანეს