რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში „სამხედრო ოპერაციები“ ყველა მიმართულებით გაძლიერდება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება, რომ უკრაინაში რუსული არმიის მოქმედებები "ყველა ოპერატიული მიმართულებით" გაძლიერდეს.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასეთი ბრძანება შოიგუმ 16 ივლისს გამართულ შეხვედრაზე გასცა, რომელშიც ჯარების "სამხრეთისა" და "ცენტრის" რუსული დაჯგუფებების მეთაურები მონაწილეობდნენ.

სამინისტროს განცხადებით, აქტივობის გაზრდა აუცილებელია იმისათვის, რომ „მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დონბასსა და სხვა რეგიონებში დასახლებულ პუნქტებში თავიდან აიცილონ“.  

შოიგუსთან შეხვედრაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, „სამხრეთისა„ და „ცენტრის“ ჯგუფების მეთაურებმა, არმიის გენერალმა სერგეი სუროვიკინმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ლაპინმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი სერგეი რუდსკოი, სამხედრო დეპარტამენტის პერსონალის მთავარი განყოფილების უფროსი ვიქტორ გორემიკინი, გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო განყოფილების უფროსი ევგენი ბურდინსკი. და სახალხო მილიციის მე-2 არმიის კორპუსის მეთაური „ლპრ“ ედესულა აბაჩოვი. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუ უკრაინის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მეორედ შეხვდა. მანამდე მინისტრი უკრაინაში მებრძოლ რუსულ ჯგუფებს ივნისის ბოლოს ესტუმრა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.