უკრაინის პორტებიდან უახლოეს მომავალში 16 გემისგან შემდგარი პირველი კოლონა გაემგზავრება. აფრიკაში გამგზავრებამდე, პირველი გემი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სავარაუდოდ, 3 აგვისტოს შევა. ამის შესახებ CNN Türk-ი იუწყება.
მისივე ცნობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის პირველი მარშრუტი გამოყოფილია. პირველი გაჩერება სტამბოლი იქნება. გამგზავრების მომენტიდან, გემებს თვალყურს ადევნებენ უპილოტო საფრენი აპარატებითა და თანამგზავრებით.
ანკარის ინიციატივით, პირველი გემები გაემგზავრებიან აფრიკის ქვეყნებისკენ, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ გემი, რომელიც ოდესის პორტს დატოვებს, სომალიში ჩავა.
გაეროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გემის ჩასვლას სომალიში შეიძლება, თვენახევარამდე დასჭირდეს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა თურქულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის პორტები პირველმა გემმა შესაძლოა, ორშაბათს, პირველ აგვისტოს დატოვოს.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის ექსპორტისთვის და პარტნიორებისგან ტრანსპორტირების დაწყების შესახებ სიგნალებს ელოდება.
27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.