აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ჩინელ კოლეგას სი ძინპინგს შორის პირისპირ შეხვედრა იგეგმება. ამის შესახებ თეთრმა სახლმა აშშ-ჩინეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე განაცხადა.
მათივე განმარტებით, პრეზიდენტები ბოლო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ მათმა წარმომადგენლებმა პირისპირ შეხვედრის მოსამზადებლად იმუშაონ.
13 აგვისტოს The Wall Street Journal-ი წერდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ნოემბერში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შესაძლო ვიზიტს გეგმავს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრასაც მოიცავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი ტაივანის გარშემო დაძაბულობის ზრდის ფონზე, 28 ივლისს გამართეს. CNN-ის ცნობით, საუბარი ორ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და მხარეებმა ტაივანის საკითხი ვრცლად განიხილეს. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ, ამ დრომდე, ოფიციალურ პრესრელიზებში საუბარი არ იყო.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა ჩინეთის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად.