ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ

უკრაინის პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტებს ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებების ფონზე არ მიუახლოვდნენ. 

„ყოველდღე და ყოველ ღამე, ჩვენ გვესმის ახალი შეტყობინებები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. ყველას გთხოვთ, ოკუპირებული ყირიმის, დონბასისა და ხარკოვის მოსახლეობას, იყავით ყურადღებით და არ მიუახლოვდეთ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიეტებს, განსაკუთრებით იქ სადაც საბრძოლო მასალას ინახავენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფეთქებები, შესაძლოა, სახვადასხვა მიზეზით მოხდეს. მისი თქმით, ყირიმიდან რუსების მასობრივი გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ნახევარკუნძულზე მათი ადგილი არ არის. 


შეგახსენებთ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, უკრაინულმა Forbes-მა დათვალა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე 9 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ, განადგურებული ავიატექნიკის ღირებულება, $650-$850 მილიონია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.