შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი არ შეიძლება, გამოყენებული იყო რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ ეხება ყირიმს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს არ გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მაგრამ თუ დღეს ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ყირიმში, საკის აეროდრომზე აფეთქებისას რუსეთის ფედერაციის კუთვნილი 8-დან 24-მდე ავიატექნიკა განადგურდა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკულმა კომპანია Planet Labs-მა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აეროდრომზე 20 თვითმფრინავი დგას. მათ შორისაა Су-30СМ და მზვერავი Су-24МР, Ил-76 და რამდენიმე შვეულმფრენი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 აგვისტოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი განადგურდა და ზარალმა დაახლოებით $505 მილიონი შეადგინა.
ღია წყაროებზე არსებული დაზვერვის პროექტის UA Weapons Tracker-ის ცნობით, აეროდრომზე 11 თვითმფრინავი იყო და რუსეთის ფედერაციას დაახლოებით $300 მილიონის ზარალი მიადგა. დაზვერვა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, 11 -ზე მეტი თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.
უკრაინის საჰაერო ძალები 10 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ყირიმში რუსი ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი განადგურდა.
Washington Post-თან ინტერვიუში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედორივკაში, აეროდრომ საკიზე დარტყმა უკრაინამ მიიტანა, თუმცა კიევს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.
მორიგი აფეთქება ოკუპირებულ ყირიმში 16 აგვისტოს მოხდა.