NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიტაცებამ ადგილზე ბირთვული ინციდენტის რისკი გაზარდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებას და ზრდის ბირთვული ავარიისა თუ ინციდენტის რისკს. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის, მეზობელი ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების მოსახლეობას”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ობიექტზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების დაშვება და რუსული ძალების გაყვანის უზრუნველყოფა.
გაეროს გენერალური მდივანი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარებით „სერიოზულად შეშფოთებულია". ანტონიო გუტერეშის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გავრცელებულმა ცნობებმა „უფრო ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტების“ შესახებ, შესაძლოა, „კატასტროფამდე მიგვიყვანოს“.
მან 11 აგვისტოს მოუწოდა მხარეებს, გაიყვანონ სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან.
დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 10 აგვისტოს განცხადება გაავრცელეს და რუსეთს მოუწოდეს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა რომ, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.
ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.