ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ აცხადებს, რომ FSB-ს ვერსია პროპაგანდისტ დარია დუგინას მკვლელობის შესახებ, პროვოკაციაა. უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს ზეწოლას მოახდინოს ესტონეთზე უკრაინის მხარდაჭერის გამო.
„რატომ განიცდის ესტონეთი ახლა უდიდეს კიბერშეტევებს? რატომ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ორი კვირის წინ, რომ მათი ბრალია, რომ ესტონეთი ჯერ კიდევ თავისუფალი ქვეყანაა?
ვფიქრობ, რომ ყველა ეს მოვლენა და სხვადასხვა ქმედება უფრო ფართო კონტექსტის ნაწილია და ამის მიზანია, სხვადასხვა ინსტრუმენტებით ცალსახა ზეწოლა ესტონეთზე და უკრაინის მხარდამჭერ სხვა ქვეყნებზე. ესტონეთი FSB-ს განცხადებებს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციად მიიჩნევს“, - განაცხადა რეინსალუმ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა.
FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს.
დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.