რუსეთის შეჭრიდან მეექვსე თვეს, კიევმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე განადგურებული რუსული ტექნიკის ხრეშჩატიკზე გამოტანით აღნიშნა. მოსკოვის გეგმები სრულმასშტაბიანი ომიდან მეექვსე თვეს კვლავ გეგმად რჩება, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად შემცირებული რესურსის პირობებში.
ამ ფონზე, ანალიტიკოსები თვლიან, რომ დრო ახლა კიევის სასარგებლოდ მუშაობს, რადგან რუსეთი ყოველდღიურად კარგავს უკრაინაზე შეტევისთვის საჭირო რესურსს.
როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან ინტერვიუში ამბობს, ექვსმა თვემ აჩვენა ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური გეგმები ჩაიშალა, რადგან რუსეთის გეგმები გათვლილი იყო მაქსიმუმ, ორ-სამ კვირაზე და „სამხედრო ოპერაცია“ კი, რომელიც მოსკოვის გათვლებით, მალე უნდა დასრულებულიყო, გრძელვადიან ომში გადაიზარდა.
„უკრაინამ აჩვენა, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია; რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც აღმოაჩნდა ნება იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის - ამან იმუშავა და უკრაინელებმა რუსეთის წინსვლის შეჩერება შეძლეს.
ახლა, დრო რა თქმა უნდა, უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს იმიტომ, რომ ყოველი დღე, როდესაც უკრაინა უძლებს, აძლიერებს მას და რუსეთის იმპერიალისტური გეგმების განხორციელებას შეუძლებელს ხდის“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
- „ნებისყოფის ომი“ და კრემლის „კეთილი ნება“
ომიდან 6 თვის თავზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და ომის განმავლობაში მეორედ, რუსეთი „კეთილ ნებაზე“ ალაპარაკდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა.
შოიგუს მტკიცებით, ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება. „კეთილ ნებაზე“ საუბრობდა მოსკოვი მაშინაც, როდესაც კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა.
ამის პარალელურად, კიევის უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეიკრიბნენ, „ნებისყოფის ომზე“ მიუთითეს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ, ერთხმად დააფიქსირეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დაიღლება და უკრაინას მიაწვდის სამხედრო დახმარებას, სანამ ეს საჭირო იქნება.
„როგორც ყოველთვის, რუსეთს სჩვევია ხოლმე, თითქოს, „კეთილი ნების“ გამოჩენა. რეალურად, ეს არავითარი კეთილი ნება არ არის. ეს არის უკრაინელების, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შეჩერებული რუსული სამხედრო წინსვლა, რასაც რუსეთი „კეთილი ნებით“ ხსნის.
ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს მათი „კეთილი ნება“. ეს არის რუსეთის იძულებითი ნაბიჯები, რუსეთს რესურსები აღარ აქვს, რომ უკრაინას შეუტიოს და რაიმე სახის წარმატება მოიპოვოს უკრაინაში“, - თვლის ზურაბ ბატიაშვილი.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში საუბარი იყო იმის შესახებაც, რომ რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს. თუმცა მკვლევრებისთვის ამ ვარაუდს ნაკლებად ამყარებს რუსეთის რესურსებზე არსებული ცნობები.
„რუსეთს არ აქვს რესურსები არც ადამიანური და არც სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით. არავინ აპირებს მის დახმარებას ცოცხალი ძალითა და ტექნიკით. თუ იმაზეა საუბარი, რომ მოხალისეთა რაზმები, რომლებიც ორკვირიან მომზადებას გადიან და ისე შეჰყავთ უკრაინაში, ეს უბრალოდ, „საზარბაზნე ხორცის“ შეყრას გავს, რადგან მოგეხსენებათ, ორი კვირა არ არის საკმარისი დრო, როცა შესაძლებელია სამხედროების მომზადება.
რუსეთს ყველაზე კარგად მომზადებული ნაწილები დაეხოცა, ახლა მიდის ნაკლები ხარისხის ჯარის „გადახარშვა“. კარგავენ როგორც ცოცხალ ძალას, ისე სამხედრო ტექნიკას“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
ამ ყველაფერს ემატება დასავლეთის მიერ კიევისთვის იარაღის აქტიურად მიწოდება და ანალიტიკოსის აზრით, ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას უნდა ველოდოთ.
„ყოველდღიურად ვხედავთ შემცირებულ რუსულ სამხედრო შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდება გაგრძელდება. არავინ არ აპირებს, რუსეთს შუა გზაზე შეატოვოს უკრაინა და კონფლიქტის დაწყების დღიდან, დასავლეთი დგას, იდგა და მომავალშიც დადგება უკრაინის გვერდით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში“, - დარწმუნებულია „რონდელის ფონდის“ მკვლევარი.
- რუსეთი მოკავშირეების გარეშე
ხსენებულ პროგნოზს ექსპერტისთვის კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ „იმედების“ მიუხედავად, რუსეთი მოკავშირეების გარეშეა დარჩენილი.
„რუსეთი მარტო დარჩა, თუ არ ჩავთვლით ოდიოზურ ფიგურებს, მაგალითად, ლუკაშენკოს, რომელიც რუსეთის მხარდამჭერია. რეალურად, რუსეთს მოკავშირე არ ჰყავს - იმედები იმის შესახებ, რომ თითქოს, ჩინეთი დაეხმარებოდა და მესამე სამყარო დაუდგებოდა გვერდით, ფუჭი აღმოჩნდა. ეს ასეც იყო მოსალოდნელი. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს პუტინს. არავინ არ აპირებს, სამარეში ჩაყვეს რუსეთს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი Europetime-თან.
- მოლაპარაკებების პერსპექტივა
„რონდელის ფონდის მკვლევარს ასევე ვკითხეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის დასრულების პერსპექტივაზე, რაზეც გვიპასუხა, რომ როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი (მოსკოვი) მოითხოვენ „რაღაც სახის“ შეთანხმებას, თუმცა ეს არა უკრაინის, არამედ, რუსეთის ხარჯზე მოხდება.
„ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ რუსეთი ითხოვს უკრაინის კაპიტულაციას და ეს არასდროს მოხდება. შემდგომში, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლომდე გადატყდება, რა თქმა უნდა, ისინი მოითხოვენ რაღაც სახის შეთანხმებას, ოღონდ, ეს რაღაც სახის შეთანხმება არ იქნება უკრაინის ხარჯზე, ეს იქნება რუსეთის ხარჯზე.
დღეს რუსეთი ცდილობს, ტაიმ-აუტის აღებას იმისთვის, რომ ამოისუნთქოს და შეინარჩუნოს დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი ეტაპისთვის, უფრო ძლიერი შეტევისთვის მოემზადოს, მაგრამ ამას არავინ არ მიიღებს უკრაინაში. კიევის მოთხოვნა მკაფიოა - უკან დაიხიონ და გაათავისუფლონ ოკუპირებული ტერიტორიები რუსებმა.
მხოლოდ ამის შემდეგ არის მოლაპარაკება შესაძლებელი. ამიტომ, ახლა რუსეთის ნებისმიერ მცდელობებს, რომ მისი პირობებით მოილაპარაკოს, არავინ არ დათანხმდება. არავინ არის ასეთი მიამიტი, რომ რუსეთის ამ გეგმას დაჰყვეს“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.